
სამთო-სათხილამურო კურორტი "გოდერძი" ზღვის დონიდან 2000 მეტრზე, თბილისიდან 252კმ, ხოლო ბათუმიდან 109კმ, დაშორებით აჭარის მაღალმთიანეთში, გოდერძის უღელტეხილზე მდებარეობს. კურორტი შთამბეჭდავი ბუნებით, სუფთა ჰაერით, ულამაზესი პეიზაჟებითა და კარგად აღჭურვილი სათხილამურო ტრასებითაა გამორჩეული. კურორტი "გოდერძი" მომხმარებელს ორ საბაგირო ხაზს სთავაზობს, რომელთა ტრასების საერთო სიგრძე 8 კილომეტრია. აქ დამსვენებელს მოემსახურება 2 საბაგირო: 8 ადგილიანი გონდოლა და 6 ადგილიანი ბაბლი.კურორტზე ფუნქციონირებს 30 ადგილიანი სასტუმრო "მეტეო" და 72 ადგილზე გათვლილი 6 კოტეჯი. კურორტი "გოდერძი" სტუმრებს მთელი წლის მანძილზე მასპინძლობს. ზაფხულში შესაძლებელია ალპური მთისა და ტყის ჰაიკინგი, ველოსიპედითა და ცხენით გასეირნება, ასევე ფრენა პარაპლანით. ვიზიტორებს ეძლევათ შესაძლებლობა დააგემოვნონ ადგილობრივი სამკურნალო-მინერალური წყლები და მოინახულონ გოდერძის ნამარხი ტყე, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უნიკალურია. აქვე მდებარეობს მომნუსხველი მწვანე ტბა, საუცხოო ადგილი კემპინგის მოსაწყობად.